ფიზიკური აღზრდა და სპორტი საბაზო საფეხურის სტანდარტი

ფიზიკური აღზრდა და სპორტი
საბაზო საფეხურის სტანდარტი

შესავალი

საბაზო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები,
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
გ) მეთოდიკური ორიენტირები;
დ) შეფასება.

საბაზო საფეხურზე საგან „ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში“ გათვალისწინებულია სპორტის სხვადასხვა (ინდივიდუალური, სათამაშო (გუნდური, ინდივიდუალური), ორთაბრძოლები) სახეობაში ვარჯიში. მათი მრავალფეროვანი არჩევანი ყველა მოსწავლეს ერთნაირად აძლევს საშუალებას, განივითარონ და გამოავლინონ თავიანთი ფიზიკური უნარები.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე ყველა ბავშვი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები (მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე), ჩართულები იქნებიან ფიზიკურ ვარჯიშსა და თამაშებში; ისინი განახორციელებენ პროექტებს: ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოლიმპიზმის და სხვ. შესახებ, რაც მოსწავლეებს სასწავლო მასალის მრავალმხრივ გააზრებაში დაეხმარებათ.

ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები
საგნის - „ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ - სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:
 ხელი შეუწყოს მოსწავლის ფიზიკურ განვითარებას (მოტორული უნარების განვითარებას);
 ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას;
 დაეხმაროს მოსწავლეს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერებაში;
 განუვითაროს მოსწავლეს თვითკონტროლი და ორგანიზებულობა.
ამ მიზნებზე მუშაობით „ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ ფარგლებში საბაზო საფეხურის ბოლოს.
ეს შედეგები ჯგუფდება ორ მიმართულებად:
 აქტიური მონაწილეობა, ორგანიზებულობა - გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას სპორტულ აქტივობებში აქტიური ჩართულობით; მავნე ჩვევებით გამოწვეული
უარყოფითი შედეგების გააზრებას; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე, ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე უსაფრთხოების დაცვას;
 მოტორული უნარ-ჩვევები - გულისხმობს ფიზიკური თვისებებისა და ტექნიკური ელემენტების განვითარებას და გამოყენებას სპორტის ინდივიდუალურ და სათამაშო (გუნდური, ინდივიდუალური) სახეობებში.
სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებებისა და თემატური ბლოკების სახით.
ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს შინაარსიან კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემატური ბლოკების სახითაა წარმოდგენილი.
სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება
საბაზო საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ფ.ა.სპ.სტ.საბ.1.:
„ფ.ა.სპ.“ – მიუთითებს საგანს „ფიზიკური აღზრდა და სპორტი’’;
„საბ.“ – მიუთითებს საბაზო საფეხურს;
„1“ – მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები) შედეგების ინდექსი მიმართულება: აქტიური მონაწილეობა, ორგანიზებულობა ცნებები
მოსწავლემ უნდა შეძლოს



ფ.ა.სპ.საბ.1.
ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება;
თვითკონტროლი
ორგანიზებულობა
ფიზიკური თვისებები
ტექნიკური ელემენტები
ფ.ა.სპ.საბ.2.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების საშუალებით ორგანიზებულობის განვითარება;
ფ.ა.სპ.საბ.3.
სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში თვითკონტროლის (მაგალითად: ემოციების მართვა, დისციპლინის, უსაფრთხოების, ძირითადი წესებისა, სამართლიანი თამაშის წესების დაცვა) გამოვლენა. მიმართულება: მოტორული უნარ-ჩვევები
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ფ.ა.სპ.საბ.4.
ტექნიკური ელემენტების (მაგალითად: გადაცემა, ტყორცნა, მიღება, დარტყმა, ჩაწოდება/მოწოდება, გათამაშება, ტარება, გადაადგილება, დგომი) განვითარება;
ფ.ა.სპ.საბ.5.
ფიზიკური თვისებების (მაგალითად: ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა, სიმარჯვე) განვითარება.
ცნებები
თვითკონტროლი - ემოციების მართვა, დისციპლინა, ჰიგიენა, უსაფრთხოების დაცვა, კვება, დასვენება, ფიზიკური ვარჯიში, ძირითადი წესების და სამართლიანი თამაშის წესების დაცვა.
ორგანიზებულობა - სამწყობრო მომზადება (მოწყობა, ბრუნები, სამწყობრო სიარული, მიდგმითი ნაბიჯებით გადაადგილება, სიარული, მოწყობა გადაწყობა);
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები (ზედა, ქვედა კიდურების, წელის ვარჯიშები);
სპეციალური ვარჯიშები (სპორტის სახეობების მიხედვით);
ფიზიკური თვისებები - ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა, სიმარჯვე.
ტექნიკური ელემენტები - გადაცემა, ტყორცნა, მიღება, დარტყმა, ჩაწოდება/მოწოდება, გათამაშება, ტარება, გადაადგილება, დგომი.
თემატური ბლოკები
1. სპორტის ინდივიდუალური სახეობები
2. სპორტის სათამაშო (გუნდური, ინდივიდუალური) სახეობები
3. ორთაბრძოლის სახეობები (არასავალდებულო)
საფეხურებრივი კითხვები
 რატომ უნდა ჩავება აქტიურად სპორტულ აქტივობებში?
 რატომ არის საჭირო ფიზიკური ვარჯიში?
 რატომ და როგორ უნდა ვიზრუნო ფიზიკური თვისებების განვითარებაზე?
 რატომ და როგორ უნდა განვივითარო ტექნიკური ელემენტები?
 რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის გამოვლენა ფიზიკური აქტივობების დროს?
გ) მეთოდიკური ორიენტირები
საგნის სწავლა-სწავლება უნდა წარიმართოს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლას).
ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
საგნობრივი შედეგების გარდა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ ასევე უნდა იქცეს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პრობლემების გადაჭრა
 პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;
 პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა;
 საჭიროებისამებრ, სხვა ვარიანტთან მიბრუნება.
სწავლის სწავლა
დამოუკიდებლად საქმიანობა  აქტივობის/დავალების ღირებულების განსაზღვრა - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;  აქტივობის/დავალების დაგეგმვა - (მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;  სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;  სოციოემოციური მართვა - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;  ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
კომუნიკაცია
 ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
 სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
 ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
 ქსელური ძიება;
 ინფორმაციის გავრცელება;
 ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
წიგნიერება
 ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის და წარდგენა-გაზიარების უნარი.
კვლევა
 კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა;
 კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/ ორგანიზება;
 მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება;
 კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
კრიტიკული აზროვნება
 ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
 შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
 არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;
 გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი (არჩევანის) დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება
 ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
 ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
 დასმული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული გზების მოძიება;
 სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ.
სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ზრუნვა მეტაკოგნიციის უნარების განვითარებაზე, რისთვისაც მასწავლებელმა პერიოდულად სამი ტიპის აქტივობა უნდა ჩაატაროს. ეს აქტივობებია:
სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს აქტივობა;
მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან დავალების პირობას, შევასრულებინებთ მეტაკოგნიტური ხასიათის ამგვარ აქტივობას: მათ ჯგუფთან ერთად უნდა განსაზღვრონ ის გზა, რომლითაც დავალებას შეასრულებენ, სახელდობრ: დეტალურად აღწერონ დავალების შესრულების ეტაპები (რას შეასრულებენ რის შემდეგ და სხვ.), ასევე სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თითოეულ ეტაპზე. ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ აქტივობები და იმსჯელონ შერჩეული გზებისა თუ სტრატეგიების მიზანშეწონილობაზე.
შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას, მათ უნდა გაიხსენონ და აღწერონ განვლილი გზა: რა გააკეთეს რის შემდეგ? რა ხერხები გამოიყენეს მუშაობისას? რა გაუჭირდათ ან რა გაუადვილდათ? შესრულებული მოქმედებების აღწერის შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მიზნის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა გზა და ხერხი, რომლებზეც დავალების შესრულებამდე უნდა დაფიქრდნენ (ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად). მეტაკოგნიტური პაუზა მოსწავლეებს განუვითარებს სწავლის უნარებს და აუმაღლებს სწავლის ქმედუნარიანობას.
წლიური პროგრამისა და სასწავლო თემის აგების პრინციპები
ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურებრივი საგნობრივი სტანდარტები განსაზღვრავს სავალდებულო საგნობრივ მოთხოვნებს (რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ). მათზე დაყრდნობით იგეგმება წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების გზებს.
წლიური პროგრამები უნდა დაიგეგმოს სასწავლო თემების საშუალებით. სასწავლო თემა წამოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის ნაწილების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. რამდენადაც შედეგები საგნის სწავლების გრძელვადიან მიზნებს წარმოადგენს, თითოეული თემის ფარგლებში სტანდარტის ყველა შედეგი უნდა დამუშავდეს. მაშასადამე, სასწავლო თემების ცვლით შეიცვლება კონტექსტები, მაგრამ არ შეიცვლება სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგების სახითაა ფორმულირებული (შედეგი თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს - თემას).
სასწავლო თემის დასაგეგმად გამოიყენება შემდეგი კომპონენტები: სასწავლო თემები - სასწავლო თემა წარმოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებების, კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას
იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სტანდარტის ყველა შედეგი უნდა დამუშავდეს.
თემის ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები -
ცნებები განსაზღვრავს იმ არსებით ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს.
თემატური საკვანძო შეკითხვები -
თემატური საკვანძო შეკითხვები გამომდინარეობს საფეხურებრივი კითხვებიდან და დაისმის თემის კონკრეტულ კონტექსტში. მათი ფუნქციაა:
 მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
 სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;
 თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელმაც სასწავლო თემის ფარგლებში შესაძლოა გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლი შეასრულოს.
აქტივობები
დავალებების ტიპები/ნიმუშების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული გაგება-გააზრების პროცესების ხელშესაწყობად, ასევე ცოდნის ათვისების, განმტკიცებისა თუ შეჯამების მიზნით.
იდეების ჩამონათვალი კომპლექსური/პროექტული დავალებებისთვის;
კომპლექსური/პროექტული დავალება იმგვარი აქტივობაა, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნათა და უნართა ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.
შეფასების ინდიკატორები -
შეფასების ინდიკატორები სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარეობს და აჩვენებს, თუ რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ინდიკატორები წარმოადგენს კონკრეტულ თემაში რეალიზებულ შედეგებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების რუბრიკებისთვის.
მკვიდრი წარმოდგენები -
მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით. ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მას თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა გაუადვილდეს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.;
როგორ აიგება თემა?
სასწავლო თემის ასაგებად უმთავრეს ერთეულს ცნებები წარმოადგენს. ისინი სტანდარტში სავალდებულო სახითაა განსაზღვრული. აღნიშნულ ცნებებზე დაყრდნობითა და სტანდარტის შედეგების მოთხოვნათა გათვალისწინებით გამოიყოფა თემის ასაგებად საჭირო კომპონენტები:
მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვები და შეფასების ინდიკატორები. თემის სწავლების ეტაპები ცნებებისა და საკვანძო კითხვების მეშვეობით განისაზღვრება.
თემის სწავლა-სწავლების დასაგეგმად ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს იდეები შემაჯამებელი კომპლექსური დავალებებისთვის, რადგან მხოლოდ კომპლექსური დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას.
ამის შემდეგ შეირჩევა თემის დასამუშავებლად საჭირო საგნობრივი საკითხები და რესურსები.
ნაბიჯი 1. მკვიდრი წარმოდგენების დადგენა.
ნაბიჯი 2. თემატური საკვანძო კითხვების დასმა.
ნაბიჯი 3. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა.
ნაბიჯი 4. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება.
ნაბიჯი 5. აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების განსაზღვრა და დაგეგმვა.
დ) შეფასება
საკლასო შეფასება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კარის მე-7 თავში განსაზღვრულ შეფასების პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლა-სწავლებისას გამოიყენება განმავითარებელი შეფასება, რომელიც მოსწავლეს თავისსავე წინარე შედეგებთან მიმართებით აფასებს, ზომავს მის ინდივიდუალურ წინსვლას, რითაც მას ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების საშუალებას აძლევს.
მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იყოს ჩართული განმავითარებელ შეფასებაში. სწავლის პროცესის შეფასება მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას. შეფასებაში ჩართვის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლის გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის. მაგალითად, თუ მოსწავლე კარგად გაიაზრებს აქტივობის მიზანსა და ამ მიზნის წარმატებით მიღწევის კრიტერიუმებს (მოსწავლისათვის განკუთვნილი კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული და შეზღუდული რაოდენობის უნდა იყოს), იგი უკეთ დაინახავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას სასურველი შედეგის მისაღწევად და უფრო გააზრებულად წარმართავს მიზნისაკენ მიმავალ პროცესებს. თუ აქტივობის დასრულებისას მას ვთხოვთ, გააანალიზოს განვლილი გზა - რა ნაბიჯები გადადგა, რა შედეგს მიაღწია, რა მიდგომა გამოიყენა, კიდევ რომელი მიდგომის გამოყენება შეიძლებოდა ან აჯობებდა, რამ შეუქმნა პრობლემა, რა გაუჭირდა ან ვერ გადაჭრა და რატომ, რა გაუადვილდა, რამ შეუწყო ხელი წარმატებაში და სხვ., ეს ხელს შეუწყობს მისი სწავლის ქმედუნარიანობის გაზრდას.
შემაჯამებელი შეფასება
შემაჯამებელი შეფასებისათვის გამოიყენება კომპლექსური, შინაარსიანი დავალებები, რომელთა შესრულება მოითხოვს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებულად და ფუნქციურად გამოყენებას. ამ დავალებათა შესაფასებლად შეფასების რუბრიკა, ანუ კრიტერიუმების ბადე გამოიყენება.
ტიპობრივი დავალებები შემაჯამებელი შეფასებისათვის
სტანდარტში შემოთავაზებულია ტიპობრივ დავალებათა ფართო არჩევანი. შემაჯამებელი შეფასებისათვის მასწავლებელი და/ან მოსწავლე შეარჩევს დავალების სასურველ ტიპს/ტიპებს:
 ფიზიკური აქტივობები;
 თამაში;
 პროექტი;
 ექსკურსია, ლაშქრობა.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი შეფასებისათვის განკუთვნილი დავალება
 დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
 ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
შეფასების რუბრიკის შესაძლო ფორმა
კლასი მოსწავლის სახელი, გვარი
თემა
დავალების პირობა
შეფასების კრიტერიუმები
კომენტარი

Комментариев нет:

Отправить комментарий